საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საკრედიტო-საგარანტიო სქემა

ბოლო ათწლეულების განმავლობაში, მსოფლიოს მასშტაბით, მნიშვნელოვნად გაიზარდა საკრედიტო-საგარანტიო სქემების პოპულარობა, რადგან ამ გზით, მნიშვნელოვნად მარტივდება ფინანსებზე წვდომა მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის და სტიმულირდება ეკონომიკური ზრდა. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ინიციატივით სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ფარგლებში, იქმნება ახალი ინსტრუმენტი - საკრედიტო-საგარანტიო სქემა, რომელიც მნიშვნელოვნად გაზრდის ფინანსებზე ხელმისაწვდომობას მცირე და საშუალო ბიზნესისთვის, ხელს შეუწყობს ეკონომიკის დამატებით დაკრედიტებას და იმ საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრას, რომლებიც ხელს უშლის სიცოცხლისუნარიან ბიზნესს კრედიტის აღებაში. რეფორმის შედეგად, საქართველოში მნიშვნელოვნად შემცირდება არასაკმარისი უზრუნველყოფით გამოწვეული ფინანსებზე წვდომის პრობლემა მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დამატებითი ბიძგი მიეცემა დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ განვითარებას.

სსიპ „აწარმოე საქართველოში“ სააგენტოს ფარგლებში საკრედიტო-საგარანტიო სქემის ჩამოყალიბება დაკავშირებულია დაბალ ადმინისტრაციულ დანახარჯთან და ორიენტირებულია საბაზრო ჩავარდნების აღმოფხვრაზე. ამავდროულად, უზრუნველყოფს სააგენტოში დაგროვილი ცოდნა/გამოცდილების ეფექტიან გამოყენებას, კოორდინაციასა და რისკების ადეკვატურ განაწილებას.

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში საკრედიტო გარანტიის დაფარვის დონე თითოეულ სესხზე შეადგენს მაქსიმუმ 70%-ს, რაც ნიშნავს რომ სქემის ფარგლებში გაცემული თითოეული სესხის მაქსიმუმ 70% უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო გარანტიით. შესაძლოა, კომერციულმა ბანკმა, დამატებით მოსთხოვოს მსესხებელს სესხის არა-გარანტირებული ნაწილის დაზღვევის მიზნით გარკვეული უზრუნველყოფის წარდგენა, თუმცა, ბანკის მიერ ბენეფიციარისთვის სესხზე მოთხოვნილი უზრუნველყოფის მაქსიმალური ოდენობა, საკრედიტო გარანტიის ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს სესხის ძირი თანხის მთლიანი მოცულობის 110%-ს.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ფარგლებში, ასევე განსაზღვრულია გარანტიით უზრუნველყოფილი სესხების პორტფელის ანაზღაურების ლიმიტი თითოეული ბანკისთვის, ანგარიშგების დროის მომენტისთვის არსებული პორტფელის 15%-ის დონეზე, რაც ამცირებს ბანკის მიერ გადაჭარბებული რისკის აღების შესაძლებლობას.

საკრედიტო-საგარანტიო სქემის ბენეფიციარი შეიძლება იყოს ყველა ის რეზიდენტი მეწარმე-სუბიექტი, რომლის საშუალო ბრუნვა ბოლო 3 წლის განმავლობაში არ აღემატება 20 000 000 (ოც მილიონ) ლარს, ხოლო მისი სასესხო ვალდებულებები (კრედიტის აღების მომენტისთვის) არ აჭარბებს 8 000 000 (რვა მილიონ) ლარს.

სქემის ფარგლებში გარანტიები გაიცემა მხოლოდ ლარის სესხებზე, 50 000 ლარიდან - 2 000 000 ლარამდე, საკრედიტო გარანტიით სარგებლობა შესაძლებელია არაუმეტეს 10 წლის ვადით, სქემის მომსახურების საფასური/საკომისიო შეადგენს სესხის ნაშთის გარანტირებული ნაწილის წლიურ 1%-ს.

საქართველოს საკრედიტო-საგარანტიო სქემის ძირითადი პრინციპები და მახასიათებლები სრულ შესაბამისობაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ საკრედიტო-საგარანტიო სქემების შესახებ შემუშავებულ რეკომენდაციებთან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საკრედიტო-საგრანტიო სქემის ეფექტიანობას, მდგრადობასა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური სარგებლის გენერირებას.

კონცეფციის შემუშავება

საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნა

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

წიაღის სექტორის პოლიტიკისა და რეგულირების ფართომასშტაბიანი რეფორმა

წიაღის მართვის სისტემური გაჯანსაღებისთვის მნიშვნელოვანია ძირეული რეფორმების განხორციელება, რომელიც დაკავშირებულია წიაღითსარგებლობის პოლიტიკისა და მართვის სტრუქტურულ გაუმჯობესებასთან, ასევე, ფინანსური და ეკონომიკური სარგებლიანობის ოპტიმიზაციასთან, იმისთვის რომ ქვეყანაში შეიქმნას მეტი დამატებული ღირებულება. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება წიაღის სექტორის ფართომასშტაბიანი რეფორმა. რეფორმის მიზანია ქვეყანაში რესურსების ეფექტიანი გამოყენების უზრუნველყოფა და ახალი საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის, გარემოსდაცვითი პრინციპებისა და სტანდარტების შესაბამისად. რეფორმა ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად გამჭვირვალე, კომერციულად მიმზიდველი და ეკონომიკურად მომგებიანი სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც უზრუნველყოფს, როგორც ბუნებრივი რესურსების რაციონალურ და მდგრად სარგებლობას, ასევე, ახალი სამთო-მოპოვებით საკანონმდებლო ჩარჩოს შემუშავებას, გარემოსდაცვით პრინციპებსა და საერთაშორისო სტანდარტებზე დაყრდნობით.

წიაღის სექტორის პოლიტიკისა და რეგულირების ფართომასშტაბიანი რეფორმა მოიცავს 3 ფაზას:

  • I ფაზა - წიაღის მართვის პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება;
  • II ფაზა - სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება;
  • III ფაზა - რეკომენდაციები სექტორში ადამიანური რესურსების გაძლიერებისა და შესაძლებლობების ამაღლების თვალსაზრისით.

ამჟამად, რეფორმა მიმდინარეობის პირველ ეტაპზეა, რომლის ფარგლებშიც, მაღალკვალიფიციური და საერთაშორისო დონეზე აღიარებული ექსპერტთა გუნდის (ADAM SMITH International) მიერ უკვე მომზადდა ოთხი ანგარიში: საწყისი ანგარიში, საუკეთესო პრაქტიკის ანგარიში, არსებული მდგომარეობის ანგარიში და ვარიანტებისა და რეკომენდაციების ანგარიში.

ხოლო, დღესდღეობით, მიმიდინარეობს კომბინირებულ ანგარიშსა და პოლიტიკისა და სტრატეგიის დოკუმენტზე მუშაობა ყველა დაკავშირებული მხარის ჩართულობით. რეფორმის ფართომასშტაბიანი ბუნებიდან და მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიზნებიდან გამომდინარე, რეფორმის ეფექტიანი განხორციელების და სამუშაოების კოორდინირების მიზნით, შექმნილია წიაღის სექტორის რეფორმის მაკოორდინირებელი უწყებათაშორისი საბჭო, რომელიც უფლებამოსილია შეიმუშავოს და წარუდგინოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს შესაბამისი წინადადებები და რეკომენდაციები წიაღის სექტორის რეფორმის ფარგლებში შემუშავებულ წიაღის სექტორის პოლიტიკის დოკუმენტებთან დაკავშირებით.

საბჭოს შემადგენლობაში შედიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსა და სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.

ექსპერტთა გუნდი (ADAM SMITH International) სამუშაო ვიზიტების ფარგლებში, აქტიურად თანამშრომლობს შესაბამის ადმინისტრაციული ორგანოების წარმომადგენლებთან, წიაღის სექტორში დასაქმებულ სუბიექტებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს ყველა დაინტერესებული მხარის ჩართულობას და რეფორმისათვის კონცეპტუალურ საკითებზე სრულყოფილი და ობიექტური შედეგების დადგომის შესაძლებლობას.

რეფორმის I ფაზა - პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავება

რეფორმის II ფაზა - სამართლებრივი ჩარჩოს ფორმირება

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის განხორცილების მიზნით შემუშავდა კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტი, ევროკავშირის სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს: - საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობასა და ბაზრების გახსნას, მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით; - საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, რომელზეც ქსელის წესების გარდა, დელეგირდება ბაზრის წესებისა და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება; - გადამცემი ან გამანაწილებელი საქმიანობის გამიჯვნას წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისაგან, რისთვისაც უნდა მოხდეს საქართველოში არსებული გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატი კომპანიების რეორგანიზაცია.

გადაცემის ლიცენზიატებისთვის შემოთავაზებულია გამიჯვნის ორი მოდელი: 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი და 2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი.

- საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის განხორციელების პროცესის მხარდამჭერ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს. იგი ასახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხედვას საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ზოგადი სტრუქტურის, მოწყობისა და ფუნქციონირების შესახებ, განსაზღვრავს ელექტროენერგიის ბაზრის მომავალ სტრუქტურას და აღწერს ბაზრის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. კონცეფცია აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მიზნებისა და განხორციელების გზებისათვის, რაც მიზნად ისახავს:

  • ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება კონკურენციის ძირითად მექანიზმსა და მასთან დაკავშირებულ, კონკურენტული სამომხმარებლო ფასწარმოქმნიდან მიღებულ საბაზრო ფასს;ბაზრის
  • ახალი გრძელვადიანი სტრუქტურის აღწერას, მისი ინსტიტუციების, მართვისა და პროცესების გათვალისწინებით;
  • ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელმაც უნდა მოიცვას დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრები (იგივე ორგანიზებული ბაზრები);
  • წამყვან სუბიექტებს შორის მოვალეობების მკაფიო გამიჯვნას;
  • განხორციელებისათვის საჭირო ფუნქციონალური მოთხოვნების დეტალურ აღწერას;
  • გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების განსაზღვრას;
  • ისეთი სტრუქტურის შექმნას, რომლის ფარგლებშიც კონკურენცია განვითარდება როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზრებზე და რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ საინვესტიციო გზავნილებს. 

- ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნას. ტრეიდერი იქნება პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება ბაზარზე ენერგიის გადაყიდვაზე, ხოლო მიმწოდებელი პირი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიაწვდის ენერგიას. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ფიზიკურ მიწოდებას მომხმარებლამდე, რის საფასურსაც მიიღებენ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფიდან ხოლო ელექტროენერგიის მოცულობების ყიდვა და მომხმარებლისთვის მიყიდვა იქნება მიმწოდებლის ფუნქცია;

- საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას. ასევე შემოდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ცნება, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებით, თუ იგი მიმწოდებლის გაუქმების ან სხვა გარემოებების გამო დარჩება მიმწოდებლის გარეშე;

- კვალიფიციური მომხმარებლის სტატუსის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას. ამასთან, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება ბაზრის გახსნის შესაბამისი ეტაპის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც სავალდებულოდ უნდა იყვნენ კვალიფიციური მომხმარებლები.

კანონპროექტით ასევე შემოდის გაზსაცავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების მარეგულირებელი დებულებები გადმოტანილ იქნა კანონპროექტში. წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და ტექნიკურად მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამით, "ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4ENERGY).

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება

საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ძირითადი მიზანია, შექმნას განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ხელშეწყობის, წახალისებისა და გამოყენების სამართლებრივი საფუძვლები, დაადგინოს სავალდებულო ეროვნული სამიზნე მაჩვენებლები განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის საერთო წილისთვის ენერგიის მთლიან საბოლოო მოხმარებაში, ასევე ტრანსპორტში; საქართველოს კანონის პროექტი „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ ადგენს მხარდაჭერის სქემებთან, საქართველოსა და ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელ მხარეებს შორის სტატისტიკურ ტრანსფერთან და განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის ელექტროენერგეტიკულ ქსელზე დაშვებასთან დაკავშირებულ ნორმებს.

რეფორმის ფარგლებში ასევე მომზადდა „საქართველოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის“ პროექტი  „განახლებადი ენერგიის წყაროებიდან ენერგიის გამოყენების ხელშეწყობის შესახებ“ 2009 წლის 23 აპრილის N2009/28/EC დირექტივით დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული სამოქმედო გეგმა ადგენს ეროვნულ სამიზნე მაჩვენებლებს განახლებადი ენერგიის წყაროებიდან მიღებული ენერგიის წილისთვის, რომელიც მოიხმარება 2020 წლისთვის ტრანსპორტის, ელექტროენერგეტიკისა და გათბობა-გაგრილების სექტორებში, საბოლოო მოხმარებაში. (ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გათვალისწინებით). 

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

ენერგოეფექტურობის საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბება

საკანონმდებლო ბაზის ჩამოყალიბების ძირითადი ამოცანაა: ქვეყნის ფარგლებში ენერგოეფექტურობის ხელშეწყობისა და ენერგეტიკული გაერთიანების მიერ დადგენილი მიზნის მიღწევის განხორციელებისთვის საჭირო ღონისძიებებისთვის ზოგადი სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, ენერგიის დაზოგვის, ენერგიის მიწოდების უსაფრთხოებისა და ენერგო-დამოუკიდებლობის ამაღლებისთვის, აგრეთვე, ენერგეტიკულ ბაზარზე ენერგოეფექტურობის გაუმჯობესების შემაფერხებელი დაბრკოლებების მოხსნა, ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შემუშავების პროცესის ჩამოყალიბება, ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან/და ალტერნატიული პოლიტიკის ღონისძიებების განსაზღვრა ენერგიის დასაზოგად, ქვეყანაში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების კოორდინაციისა და განხორციელებისთვის ენერგოეფექტურობის განმახორციელებელი ორგანოს ჩამოყალიბება და ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის შემუშავება.

რეფორმის ფარგლებში, უკვე მომზადდა საქართველოს ეროვნული ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის პროექტი „ენერგოეფექტურობის შესახებ“ 2012 წლის 25 ოქტომბრის 2012/27/EU დირექტივით განსაზღვრული მოთხოვნების შესაბამისად და ითვალისწინებს ენერგოეფექტური ღონისძიებების გატარებას (ენერგიის დასაზოგად) ენერგეტიკის, ტრანსპორტის, მრეწველობის, შენობებისა და საჯარო სექტორებში. სულ დაგეგმილია 38 ღონისძიების გატარება, რომლის შედეგადაც მიიღწევა 14%-იანი ენერგო დანაზოგი. აღნიშნული შედეგის მიღწევა, ასევე ხელს შეუწყობს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) მნიშვნელოვანი სამიზნე მაჩვენებელის მიღწევას, რომლის ვალდებულებაც საქართველომ აიღო კლიმატის ცვლილების შესახებ „პარიზის შეთანხების“ ფარგლებში.

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

სამრეწველო და სამომხმარებლო (არასასურსათო) პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა

საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებული ასოცირების შესახებ შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში ხორციელდება საქართველოში ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვა და წინასწარ განსაზღვრულ სამომხმარებლო და ინდუსტრულ პროდუქტებზე ზედამხედველობის სფეროებში საქართველოს კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება. სამრეწველო და სამომხმარებლო (არასასურსათო) პროდუქტების ბაზარზე ზედამხედველობის სისტემის დანერგვას ახორციელებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო. მიმდინარე რეფორმის შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობა უკვე დაუახლოვდა ევროკავშირის კანონმდებლობას შემდეგი მიმართულებებით: 

  • ლიფტები;
  • საბაგიროები; 
  • წნევის ქვეშ მომუშავე მოწყობილობები;
  • წვენაზე მომუშავე მარტივი ჭურჭლები; 
  • სანთებელები;
  • შეცდომაში შემყვანი პროდუქტები; 
  • სამშენებლო პროდუქტები. 

ხოლო, 2019 წლიდან 2023 წლამდე ასევე უნდა მოიცვას  შემდეგი მიმართულებები:

  • სათამაშოები,
  • სამოქალაქო დანიშნულების ფეთქებადი მასალები,
  • პერსონალური დაცვის აღჭურვილობები,
  • პოტენციურად ფეთქებადსაშიშ გარემოში გამოსაყენებლი მოწყობილობები და დამცავი სისტემები,
  • მანქანა-დანადგარები,
  • აირად საწვავზე მომუშავე მოწყობილობები,
  • ელექტრო მოწყობილობები.  

აღნიშნული უზრუნველყოფს საქართველოს ბაზარზე მხოლოდ დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისი სამშენებლო პროდუქტის განთავსების ხელშეწყობას, შენობა-ნაგებობების მდგრადობის გაუმჯობესებას, სამართლიანი და კონკურენუნარიანი გარემოს შექმნას.  

ევროკავშირთან დაახლოებული კანონმდებლობის აღსრულებით მოხდება ინდუსტრიული და სამომხმარებლო პროდუქტების უსაფრთხოების გაზრდა, რომლის მიზანია ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის, საკუთრებისა და გარემოს დაცვა. 

რეფორმის მიმდინარეობის სტატუსი

კანონმდებლობის დაახლოების სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

საქართველოს კანონი „ელექტრონული კომერციის შესახებ“

საქართველოში ელექტრონული კომერციის სექტორი სპეციალური მარეგულირებელი კანონის გარეშე ფუნქციონირებს. ელექტრონული კომერციის სექტორთან შეხებაში არსებული ქართული კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების ანალიზის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ, როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო ტიპის ელექტრონული ხელშეკრულების დადება, მასში ცვლილების შეტანა ან/და შეწყვეტა, აგრეთვე ელ. კომერციის ონლაინ მომხმარებლის დაცვა ქართული კანონმდებლობის ცალკეული აქტებით ფრაგმენტულად არის რეგულირებული. იმისათვის, რომ მომხმარებელმა ელექტრონული კომერციის მეშვეობით მიიღოს მისთვის სასურველი ესა თუ ის საქონელი ან/და მომსახურება, მას სხვა გზა არ რჩება, გარდა იმისა, რომ ისარგებლოს შემოთავაზებული ელექტრონული სერვისით, მიუხედავად იმისა, იზიარებს თუ არა ის მისთვის შეთავაზებულ პირობებს, შესაბამისად, მაღალია რისკი იმისა, რომ მომსახურების მიმწოდებლის მხრიდან დაირღვეს მომსახურების მიმღებთა/მომხმარებელთა უფლებები. კანონპროექტის ყველაზე მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს შუალედური მომსახურების მიმწოდებლების პასუხისმგებლობები (ISP) ინფორმაციის გატარებისა და შენახვის დროს, რაც განსაზღვრავს თუ რა შემთხვევებში თავისუფლდებიან ისინი პასუხისმგებლობისგან გატარებული თუ შენახული კანონსაწინააღმდეგო შემცველობის ინფორმაციის არსებობისას. გარდა კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა, დაუშვებელია შუალედური მომსახურების მიმწოდებელზე, გატარებული ან შენახული ინფორმაციის მონიტორინგის, ან კანონსაწინააღმდეგო ქმედების გამოვლენის მიზნით აქტიური ქმედებების განხორციელების ვალდებულების დაწესება.

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

ფართოზოლოვანი ინტერნეტ ინფრასტრუქტურის განვითარება

როგორც მთელს მსოფლიოში, ისე საქართველოში, ინტერნეტის მოხმარება და ინტერნეტის გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე და ეკონომიკაზე დღითიდღე იზრდება, იმის გათვალისწინებით, რომ 21-ე საუკუნე ცნობილია, როგორც ციფრული ერა, მნიშვნელოვანია, ჯერ კიდევ არსებული, ციფრული უთანასწორობის დაძლევა, ასევე, ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების მეშვეობით ციფრული ეკონომიკის სწრაფი ტემპებით განვითარება. საქართველოში ციფრული უთანასწორობის დაძლევის მიზნით, მზადდება „ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სტრატეგია და მისი განხორციელების გეგმა 2019-2025“, რომელიც ორიენტირებული იქნება ევროკავშირის პრაქტიკის შესაბამისი პოლიტიკის და რეგულირების გატარების საკითხებზე, მათ შორის, მაღალსიჩქარიანი ინტერნეტ ქსელების მშენებლობის გამარტივების, ინვესტიციების მოზიდვის, კონკურენციის ზრდის, მოსახლეობაში ინტერნეტის და ტექნოლოგიების გამოყენების უნარების ამაღლების, საბითუმო ინტერნეტ ბაზრის ეფექტური რეგულაციის, სატელეკომუნიკაციო მიზნებისთვის გამოყენებადი ინფრასტრუქტურის გაზიარების, ინტერნეტის ხარისხის გაუმჯობესების, ქსელების და ახალი მომსახურებების განვითარების მიზნით რადიოსიხშირული სპექტრის ხელმისაწვდომობის და სხვა ღონისძიებებზე.

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება

ქვეყანაში არსებული გამოწვევების და პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც არსებობს საგზაო უსაფრთხოებისა და გარემოს დაბინძურების მიმართულებით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სავალდებულოდ შემოღებას გააჩნია მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი და წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტს საქართველოს მთავრობისთვის. სწორედ ამ მიზნით, საქართველოში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა საუკეთესო ევროპული სტანდარტებისა და პრაქტიკის შესაბამისად ხორციელდება. ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმა გულისხმობს ქვეყნის მასშტაბით ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებისთვის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების სრულად ამოქმედებას ახალი (ევროპული) სტანდარტების შესაბამისად. რეფორმის მიზნებია:

  • საგზაო უსაფრთხოების დონის ამაღლება;
  • ეკოლოგიური და ჯანსაღი გარემოს გაუმჯობესება;
  • არსებული საავტომობილო პარკის ტექნიკური მდგომარეობის გაუმჯობესება და განახლება;
  • ასოცირების შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

საქართველოში რეგისტრირებული მთლიანი ავტოპარკის პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ჩატარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობა რეფორმის უაღრესად მნიშვნელოვანი ნაწილს წარმოადგენს. აღნიშნული გულისხმობს მთელი საქართველოს მასშტაბით მაქსიმალური ტერიტორიული განაწილებით საკმარისი რაოდენობის და სათანადო ხარისხის ინსპექტირების ცენტრების მოწყობას, რომლებიც დააკმაყოფილებენ შესაბამისი ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, რაც, მათ შორის, გულისხმობს სათანადო აღჭურვილობის და მაღალკვალიფიციური პერსონალის არსებობას, რათა, საერთო ჯამში, უზრუნველყოფილი იქნეს ავტომფლობელებისთვის მაღალი ხარისხის და ამავდროულად ხელმისაწვდომი მომსახურების მიწოდება. პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების რეფორმის განხორციელებაში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს საკონსულტაციო მომსახურებას უწევს მსოფლიოს მასშტაბით ერთ-ერთი წამყვანი შვეიცარული კომპანია ინსპექტირების სფეროში SGS – Societe Generale de Surveillance.

აღსანიშნავია, რომ 2004 წლიდან 2018 წლამდე ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება (ავტოსატრანსპორტო საშუალებების გზისათვის ვარგისიანობაზე პერიოდული ტესტირება) სავალდებულო იყო მხოლოდ 3,5 ტონაზე მეტი სრული მასის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და 8-ზე მეტი დასაჯდომი ადგილის (მძღოლის ადგილის გარდა) მქონე სამგზავრო ავტოსატრანსპორტო საშუალებებისთვის.

ამასთან, 2018 წლამდე ტექნიკური ინსპექტირება ხორციელდებოდა მოძველებული სტანდარტით და საჭიროებდა განახლებასა და თანამედროვე სტანდარტებთან დაახლოებას. ამასთანავე, საქართველომ აიღო ვალდებულება, ტექნიკური ინსპექტირების უფრო ახალი და თანამედროვე მოთხოვნები (ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009 წლის 6 მაისის №2009/40/EC დირექტივის დებულებები) აესახა კანონმდებლობაში. ამ მიზნით, 2017 წლის დეკემბერში საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცდა ტექნიკური რეგლამენტები „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ და „ავტოსატრანსპორტო საშუალების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების ცენტრების შენობა-ნაგებობების, აღჭურვილობისა და პერსონალის ტექნიკური კვალიფიკაციის მიმართ მოთხოვნების თაობაზე.“

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

საჯარო და კერძო თანამშრომლობის ჩარჩო კანონმდებლობა

კანონპროექტის მიზანია საჯარო და კერძო თანამშრომლობის გამჭვირვალე, ეფექტიანი და თანამედროვე სამართლებრივი და ინსტიტუციონალური ჩარჩოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, საინვესტიციო და ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას და შექმნის ინვესტიციებისათვის მიმზიდველ გარემოს. შესაბამისად, მსხვილი, საზოგადებრივი მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელებაზე გაიზრდება ინვესტორების დაინტერესება კერძო დაფინანსების (მათ შორის უცხოური ინვესტიციების) განხორციელების თვალსაზრისით და ასევე, საჯარო ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდების სფეროში მათი გამოცდილების, ეფექტიანობის, ტექნოლოგიების, ინოვაციების გამოყენების თვალსაზრისით. სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის პროექტის რისკების ადეკვატური გადანაწილების მექანიზმები პროექტების წარმატებით განხორციელების მნიშვნელოვანი წინაპირობაა. რეფორმის განხორციელება ინვესტორებისთვის და საფინანსო სფეროს წარმომადგენლებისთვის იქნება მკაფიო გზავნილი, რომ სახელმწიფო მზად არის ხელი შეუწყოს და წაახალისოს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტების განხორციელება. საქართველოში ახალ საზოგადოებრივ/საჯარო ინფრასტრუქტურასა და მომსახურებაზე მზარდი მოთხოვნა განაპირობებს კერძო სექტორის მონაწილეობის, მათ შორის, ფინანსური თანამონაწილეობის საჭიროების ზრდას, განსაკუთრებით ისეთ პროექტებში რომელთა განხორციელებაც მხოლოდ სახელმწიფო რესურსებით შეუძლებელი იქნებოდა. ამასთან, საჯარო და კერძო თანამშრომლობის ფორმატში უზრუნველყოფილი იქნება საზოგადოების მოთხოვნა ხარისხიანი საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის ან/და მომსახურების მიწოდებაზე.

რეფორმის მიმდინარეობის სტატუსი

ძირითადი კანონმდებლობის შემუშავება

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში

საპენსიო რეფორმა - დაგროვებითი პენსია

რეფორმა გულისხმობს განსაზღვრული შენატანის საპენსიო სქემის შექმნას. ეს ნიშნავს, რომ დასაქმებულის შემთხვევაში: თითოეული დასაქმებული, დამსაქმებელი და სახელმწიფო კანონით განსაზღვრული წესით განახორციელებს შენატანებს თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე, ყოველი მათგანი 2%-ის ოდენობით, ხოლო თვითდასაქმებულის შემთხვევაში თვითდასაქმებული 4%-ის ხოლო სახელმწიფო 2%-ის ოდენობით, ანუ სისტემის მონაწილის საპენსიო ანგარიშზე ყოველთვიურად მისი დაუბეგრავი შემოსავლის 6%-ის ოდენობის თანხის აკუმულირება მოხდება. მნიშვნელოვანია, რომ განხორციელდება დაგროვილი თანხის ინვესტირება, რის შედეგადაც მას დაერიცხება საინვესტიციო შემოსავალი, შესაბამისად, მოცულობა წლების განმავლობაში უფრო და უფრო გაიზრდება.

რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:

ჩაერთე რეფორმის მსვლელობაში