საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

საქართველოს კანონის პროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“

ენერგეტიკული ბაზრის რეფორმის განხორცილების მიზნით შემუშავდა კანონპროექტი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“. აღნიშნული კანონპროექტი, ევროკავშირის სამართლებრივი დოკუმენტების მოთხოვნებიდან გამომდინარე, ითვალისწინებს: 

- საქართველოში ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზით ვაჭრობის სფეროში თავისუფალი და კონკურენტული ურთიერთობების ხელშეწყობასა და ბაზრების გახსნას, მიწოდების უსაფრთხოების მოთხოვნათა სათანადოდ დაცვის გათვალისწინებით; 

- საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის უფლებამოსილების გაზრდას, რომელზეც ქსელის წესების გარდა, დელეგირდება ბაზრის წესებისა და გადამცემი ქსელის განვითარების 10 წლიანი გეგმების დამტკიცების უფლებამოსილება; 

- გადამცემი ან გამანაწილებელი საქმიანობის გამიჯვნას წარმოებისა და მიწოდების საქმიანობისაგან, რისთვისაც უნდა მოხდეს საქართველოში არსებული გადაცემისა და განაწილების ლიცენზიატი კომპანიების რეორგანიზაცია.

გადაცემის ლიცენზიატებისთვის შემოთავაზებულია გამიჯვნის ორი მოდელი: 1. გადამცემი სისტემის ოპერატორი და 2. დამოუკიდებელი სისტემის ოპერატორი. 

- საქართველოს მთავრობის მიერ ბაზრის კონცეფციის მოდელის დამტკიცებას, რომელიც წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკული სექტორის რეფორმის განხორციელების პროცესის მხარდამჭერ სარეკომენდაციო ხასიათის დოკუმენტს. იგი ასახავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხედვას საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის ზოგადი სტრუქტურის, მოწყობისა და ფუნქციონირების შესახებ, განსაზღვრავს ელექტროენერგიის ბაზრის მომავალ სტრუქტურას და აღწერს ბაზრის მონაწილეთა უფლება-მოვალეობებს. კონცეფცია აყალიბებს სახელმძღვანელო პრინციპებს საქართველოს ელექტროენერგიის ორგანიზებული ბაზრების მიზნებისა და განხორციელების გზებისათვის, რაც მიზნად ისახავს:

  • ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც ეფუძნება კონკურენციის ძირითად მექანიზმსა და მასთან დაკავშირებულ, კონკურენტული სამომხმარებლო ფასწარმოქმნიდან მიღებულ საბაზრო ფასს;ბაზრის
  • ახალი გრძელვადიანი სტრუქტურის აღწერას, მისი ინსტიტუციების, მართვისა და პროცესების გათვალისწინებით;
  • ბაზრის ჩამოყალიბებას საქართველოში, რომელმაც უნდა მოიცვას დღით ადრე, დღიური და საბალანსო ბაზრები (იგივე ორგანიზებული ბაზრები);
  • წამყვან სუბიექტებს შორის მოვალეობების მკაფიო გამიჯვნას;
  • განხორციელებისათვის საჭირო ფუნქციონალური მოთხოვნების დეტალურ აღწერას;
  • გარდამავალ პერიოდში განსახორციელებელი გარდამავალი ღონისძიებების განსაზღვრას;
  • ისეთი სტრუქტურის შექმნას, რომლის ფარგლებშიც კონკურენცია განვითარდება როგორც საბითუმო, ასევე საცალო ბაზრებზე და რომელიც უზრუნველყოფს ჯანსაღ საინვესტიციო გზავნილებს. 

- ბაზარზე ტრეიდერის და მიმწოდებლის სტატუსების შექმნას. ტრეიდერი იქნება პირი, რომელიც უფლებამოსილი იქნება ბაზარზე ენერგიის გადაყიდვაზე, ხოლო მიმწოდებელი პირი, რომელიც საბოლოო მომხმარებელს მიაწვდის ენერგიას. გადაცემის და განაწილების ლიცენზიატები უზრუნველყოფენ ელექტროენერგიის ფიზიკურ მიწოდებას მომხმარებლამდე, რის საფასურსაც მიიღებენ კომისიის მიერ დამტკიცებული ტარიფიდან ხოლო ელექტროენერგიის მოცულობების ყიდვა და მომხმარებლისთვის მიყიდვა იქნება მიმწოდებლის ფუნქცია; 

- საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე ბაზრის შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შესარბილებლად საქართველოს მთავრობისთვის უფლებამოსილების მინიჭებას, განსაზღვროს დროებით უნივერსალური მომსახურების მიმწოდებელი, რომელიც მომხმარებელთა შესაბამის კატეგორიას უზრუნველყოფს ენერგიის მიწოდებით სანამ ისინი თავისუფალ ბაზარზე შეძლებენ მიმწოდებლის არჩევას. ასევე შემოდის ბოლო ალტერნატივის მიმწოდებლის ცნება, რომელიც მომხმარებელს უზრუნველყოფს მიწოდების მომსახურებით, თუ იგი მიმწოდებლის გაუქმების ან სხვა გარემოებების გამო დარჩება მიმწოდებლის გარეშე;

- კვალიფიციური მომხმარებლის სტატუსის ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომობას. ამასთან, საქართველოს მთავრობას ენიჭება უფლებამოსილება ბაზრის გახსნის შესაბამისი ეტაპის უზრუნველსაყოფად განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებთან შესატყვისი მომხმარებლებიც სავალდებულოდ უნდა იყვნენ კვალიფიციური მომხმარებლები. 

კანონპროექტით ასევე შემოდის გაზსაცავის და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ინფრასტრუქტურის ოპერირებასთან დაკავშირებული რეგულაციები. 

კანონპროექტი ითვალისწინებს არსებული „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის გაუქმებას, შესაბამისად ამ კანონით გათვალისწინებული წყალმომარაგების მარეგულირებელი დებულებები გადმოტანილ იქნა კანონპროექტში. წარმოდგენილი კანონპროექტი შესაბამისობაშია ევროკავშირის სამართალთან და ტექნიკურად მხარდაჭერილია ევროკავშირის პროგრამით, "ევროკავშირი ენერგეტიკისთვის" (EU4ENERGY).

სრული ინფორმაცია

რეფორმის საჭიროება
დამატებითი ინფორმაცია
ხშირად დასმული კითხვები
შედეგები

83%

ვემხრობი

17%

არ ვემხრობი

შესრულებული სამუშაოები (სხვადასხვა ტიპის ჩაშლით)
რეფორმის მიმდინარე სტატუსი

კანონმდებლობის სტატუსი

საერთაშორისო მხარდაჭერა:
სესია დასრულებულია
თქვენი პასუხები დაფიქსირებულია