საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში


რას ზომავს მთლიანი შიდა პროდუქტი?

მთლიანი შიდა პროდუქტი წარმოადგენს დროის გარკვეულ პერიოდში ქვეყნის შიგნით წარმოებული საბოლოო საქონლისა და მომსახურების საბაზრო ღირებულებას. მთლიანი შიდა პროდუქტი არის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობას ვაფასებთ. მთლიანი შიდა პროდუქტი ერთდროულად ზომავს ეკონომიკის ყველა წევრის მიერ მიღებულ მთლიან შემოსავალს და ეკონომიკის ყველა წევრის მიერ საქონელსა და მომსახურებაზე გაწეულ დანახარჯებს.

ეკონომიკური ზრდა წარმოადგენს მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურ ცვლილებას. რეალურ ცვლილებაში იგულისხმება მუდმივ ფასებში გამოხატული საბოლოო საქონლისა და მომსახურების მოცულობის ცვლილება.

მთლიანი შიდა პროდუქტი ვერ ასახავს იმ აქტივობებს, რომლებიც არ ხორციელდება ბაზარზე, ასევე არაფორმალურ-„შავ“ ბაზარზე განხორციელებულ აქტივობებს. ამავდროულად, მთლიანი შიდა პროდუქტი არ წარმოადგენს ქვეყნის კეთილდღეობის სრულყოფილ მაჩვენებელს, რამდენადაც ის არ ასახავს განათლების ხარისხს, ჯანმრთელობის მდგომარეობას და სხვა საზოგადოებრივ ფასეულობებს.

1968 წელს საპრეზიდენტო არჩევნების დროს სენატორმა რობერტ კენედიმ გააკრიტიკა მთლიანი შიდა პროდუქტი, იმ არგუმენტით რომ ის არაფერს ამბობს პოეზიისა და ლიტერატურის მშვენიერებაზე, ოჯახების სიძლიერეზე, სიმამაცეზე, სამშობლოს სიყვარულსა და ყველა იმ ფასეულობაზე, რის გამოც ამაყობს რომ ამერიკელია. აღნიშნული არგუმენტი სამართლიანია, თუმცა მაღალი მთლიანი შიდა პროდუქტი გვეხმარება მეტად ვიზრუნოთ განათლებაზე, ჯანმრთელობაზე, პოეზიასა თუ ხელოვნებაზე და შევიძინოთ ცხოვრების სხვა ფასეულობები.